kuradgeba xval kvelanistadionze ხვალ საქართველო - იტალიაა, მატჩი რომელიც ბოლო წლებში უკან - უკან მიმავალ ქართულ ფეხბურთს დაებედა და ერთი უცნაური თავისებურებაც ახლავს თან, სულ ერთია როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, სულ ერთია გვიჭირს თუ გვილხინს, ისიც სულ ერთია ჩვენი ნაკრებისკენ გახედვაც რომ აღარ გვინდა ხოლმე, ყველანი სტადიონზე მივდივართ და გულის სიღრმეში იმ ნაპერწკალს ვუფრთხილდებით, საქართველოს ნაკრების მსოფლიო ფეხბურთის უფსკრულიდან ზედა ეშელონებში თუნდაც 90 წუთით დაბრუნების იმედს ოდნავ შესამჩნევად რომ ანათებს...
მართლა არსებობს ფეხბურთში შემთხვევები, როცა ყველა წინა მატჩი უნდა დაივიწყო, დაივიწყო ისიც, რომ ამის მერეც ითამაშებ ოდესმე და მოედანზე ისე გახვიდე, თითქოს უკანასკნელ შეხვედრას ატარებდე. მაშინაც კი, როცა მასში გამარჯვება ხელშესახებს მხოლოდ ვერაფერს რომ ვეღარ წყვეტს ისეთ სამ ქულას მოგიტანს, იმიტომ რომ აქ მთავარი ღირებულებებია, ღირებულებები, რომელიც ეროვნული ნაკრების ყველა ფეხბურთელს უნდა გააჩნდეს და ქვეყნის ღირსებისა და გულშემატკივრის სამსახურში აყენებდეს.
აზრს მოკლებულია იმაზე ლაპარაკი, რომ ”სკუადრა აძურასა” და ჩვენს შორის ნებისმიერი საფეხბურთო მაჩვენებლით განსხვავებას თავისუფლად მოერგებოდა ცა და დედამიწასთან დაკავშირებული ხატოვანი ფრაზა, გარდა იმ ერთისა, რაც ამდენს გვათმენინებს, გვაძლებინებს და ხვალაც სტადიონისკენ მიგვიძღვება, ნურავინ დაიჩემებს, რომ იტალიაში ფეხბურთი ქართველებზე მეტად უყვართ, სიყვარული და დიდი გამარჯვების მონატრება კი უამრავჯერ გამხდარა წარმატების მთავარი შემოქმედი. სწორედ ამიტომ, ყველას, ვისაც ქართული ფეხბურთის უკვდავების და იმის გჯერათ, რომ ადრე თუ გვიან იტალიის დარი ნაკრებები თბილისში რიდითა და მოწიწებით ჩამოვლენ,”დინამოზე” გეპატიჟებით, დავუკრათ ტაში, გვერდით დავუდგეთ ქართველ ფეხბურთელებს და მსოფლიო ფეხბურთის დიდი სცენისკენ მიმავალ გზაზე პირველი დიდი და რეალური ნაბიჯი გადავდგათ